სამტრედიის პოლიციის მიერ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის ავთანდილ თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით თევზაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
"თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს", - აცხადებს შსს.
შეგახსენებთ, რომ პალამენტის წევრობის კანდიდატის ოთარ ჩრდილელის განცხადებით, თევზაძის დაკავება უკვე მეოთხე ფაქტია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში კალაძის მხარდამჭერებს შეეხო.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ჩვენი მხარდამჭერის დაკავების მე-4 შემთხვევაა. ესაა ღია პოლიტიკური დევნა, რომლის ინსტრუმენტადაც გამოყენებულია სამტრედიის პოლიციის უფროსი, კუბლაშვილების "ხელის ბიჭი" ზვიად ობილაძე", - აცხადებს ჩრდილელი.