,,ქართულ მხარეს სუვერენული უფლება ჰქონდა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიდეო-მასალების გაესაჯაროვებინა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაზე კომენტირებისას.
,,ქართველი სამართალდამცველები ქართული კანონმდებლობით მოქმედებენ და არა ფრანგული კანონმდებლობით. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რაც შეეხება ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვიდეო-ჩანაწერები ნამდვილად საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერაა გადმოცემული", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაჭავარიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით განმარტებას იუსტიციის სამინისტრო გააკეთებს.
"დადასტურებულია, რომ საფრანგეთის ჟანდარმერიამ ქართულ მხარეს ვიდე-მასალები ოფიციალურად გადმოსცა. ამასთან დაკავშირებით, თუ რამე იურიდიული დეტალებია გასარკვევი განმარტებას იუსტიციის სამინისტრო გააკეთებს", _ განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე განცხადებით, ქართულ მხარეს სუვერენული უფლება ჰქონდა ვიდეო-მასალები გაესაჯაროვებინა.
,,ქართულ მხარეს სუვერენული უფლება ჰქონდა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიდეო-მასალების გაესაჯაროვებინა, რადგან საქმე ეხებოდა საკმაოდ მძიმე დანაშაულს. საფრანგეთის პოზიცია გასაგებია, მაგრამ საქართველოში მოქმედებს ქართული კანონმდებლობა. საქმე, როცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებას ეხება ქართველმა კანონმდებლებმა ჩვენი კანონმდებლობით უნდა იმოქმედონ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის მოადგილე ვინსენტ ფლორიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს.
საფრანგეთი უკმაყოფილოა თბილისის გადაწყვეტილებით, რომელმაც ქართული ოპოზიციის ქართულ დანაშაულებრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირზე გამოძიების მასალები გაასაჯაროვა.
საფრანგეთის საგარეო უწყება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
"ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის.
საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რისი უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია.
წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს.
საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს".