ლაგოდეხში, ქალაქის შესასვლელში, ხიდთან, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს და საახალწლო ასაფეთქებლების სროლა დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები უცენზურო სიტყვებით „ქართული ოცნების" ახალგაზრდების გამოწვევას ცდილობდნენ.
ივანიშვილის კორტეჟს გარს „ქართული ოცნების" ახალგაზრდები შემოერტყნენ და ლაგოდეხში ისე შევიდნენ.
ივანიშვილის კორტეჟს „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდები გუშინ ყვარელსა და გურჯაანშიც დახვდნენ სასტვენებით და შეძახილებით: „მოღალატე, წადი", „საქართველო პინგვინების გარეშე," „მიშა, მიშა". განსაკუთრებით აქტიურობდნენ გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის გიორგი სიბაშვილის შვილი თორნიკე სიბაშვილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დავით ფურცელაძის შვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ოთარ იმერლიშვილი და თემურ ბუწაშვილი. მათ ივანიშვილს სირცხვილის კორიდორი მოუწყეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის სიტუაცია დაიძაბა, თუმცა „ქართული ოცნებიდან" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის ჩარევის შემდეგ სიტუაცია მალევე განიმუხტა.