გურჯაანში კოალიცია „ქართული ოცნების" 2 წევრი, 25 წლის ნიკა გოგილაშვილი და 27 წლის ვალერიან თამაზაშვილი დააკავეს. სასამართლომ ნიკა გოგილაშვილს 50 დღით, ვალერიან თამაზაშვილს კი 40 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" გურჯაანის შტაბის წევრმა ზურა ჩიკვაიძემ განუცხადა, ნიკა გოგილაშვილი მანქანით დარჩეთიდან გურჯაანში მიდიოდა „ქართული ოცნების" აქციაზე, პოლიციამ გააჩერა და დააკავეს. „აყვანის დროს დაზიანება მიიღო, მხარი ამოვარდა და ჯერ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, მხარი ჩაუსვეს და ისე გადაიყვანეს პოლიციაში. რაც შეეხება ვალერიან თამაზაშვილს, ის თავის სოფელში, კალაურში დააკავეს აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. ცხენს აძოვებდა, როცა აიყვანეს. ის ობოლი ბიჭია, მეზობლებმა გაზარდეს და თავისსავე მეზობელმა მოსამართლემ შეუფარდა 40 დღიანი პატიმრობა", - აღნიშნა ზურა ჩიკვაიძემ.
მისივე თქმით, ორივეს ბრალად პოლიციასთვის დაუმორჩილებლობა წაუყენეს.