"ეს ყველაფერი არ გავს საფრანგეთის ქმედებას", - განაცხადა ტელეკოპანია "მაესტროს" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილს, ეჭვი ეპარება, რომ ფრანგული ჟანდარმერიიდან ეს კორესპონდენცია საქართველოს პროკურატურაში მივიდა ფაქსით. მისი თქმით, საფრანგეთი სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ ოფიციალურ უწყებას შორის არსებულ კორესპონდენციებს კანონის მიხედვით საელჩოს ხაზით აგზავნის.
"ფრანგული დიპლომატიური კანონი ვიცი და არსებობს ერთი წესი, რომელიც დაცული არის მთელ ფრანგულ ადმინისტრაციაში, რომ ოფიციალური კორესპონდენცია, რაც არსებობს ოფიციალურ უწყებებს შორის - საფრანგეთის და სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის, უნდა გადიოდეს საელჩოს ხაზით", - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიონა, რომ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეს ფაქსი პირდაპირ მივიდა პროკურატურაში, ეს არის კანონით გამორიცხული. "იქ თუ რაღაც ჩაწყობა მოხდა, მე არ ვიცი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მთავარი პასუხი უნდა მოდიოდეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და თბილისში ელჩისგან.
"საფრანგეთის საელჩო ალბათ გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. გოგა ხაინდრავას და საქართველოს მთელ საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მოითხოვოს, რომ გაიგოს რეალურად რა მოხდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ფრანგული ჟანდარმერია არის თავდაცვის სამინისტროს ნაწილი ანუ გასამხედროებული უწყება.