სამტრედიის პოლიციამ კახა კალაძის ქტიტორობით აგებული წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ტაძრის მოძღვრის, მამა რომანოზის (ნინუა) შვილი, იოანე დააკავა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, "ქართული ოცნების" მესამე აქტივისტი იქნა დაკავებული...
"ეს არის სამტრედიის პოლიციის უფროსის პირადი ახირება, ის პირადად ახორციელებს პოლიტიკურ დევნას "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე. შეგახსენებთ, რომ პოლიციის უფროსი, ვინმე ზვიად ობოლაძე, გახლავთ ძმებ კუბლაშვილების ხელის ბიჭი, მათი უახლოესი მეგობარი. ეს ის პოლიციის უფროსია, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ღამით, იარაღი გადატენა და შუბლზე მიადო ერთერთ ჩვენს მხარდამჭერს, ხოლო მეორეს ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ობოლაძე იარაღმომარჯვებული მისდევდა მოსაკლავად", - აცხადებს ჩრდილელი.
მისი განცხადებით, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ეკა ზღულაძეს, ამ საკითხზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
"მე ის უფრო გამიკვირდებოდა, ობოლაძე, რომელიც ამ საშინელი რეჟიმის უტყვი მონა და შემსრულებელია, ახლა ციხეში ყოფილიყო დაკითხვაზე. ვწუხვარ, რომ ქალბატონმა ზღულაძემ კიდევ ერთხელ ჩააგდო ტესტი სამართლიანობაზე, ნაციონალურ სამართალზე", - განაცხადა მან.