სს "ალდაგი ბისიაის" საპენსიო ფონდი, უმსხვილესი საპენსიო ფონდი საქართველოში, რომელსაც შპს "აბბი ასეტ მენეჯმენტი" და სს "ალდაგი ბისიაი" მართავს, აცხადებს, რომ აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 7.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი შენატანებით და საინვესტიციო მოგებით არის განპირობებული.
კომპანიის ინფორმაციით, აქტივების მთლიანი ღირებულება 2012 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში 17.4%-ით გაიზარდა და შეადგინა 1.1 მლნ. ლარი, რაც ასევე რეკორდულ შედეგს წარმოადგენს წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.
"სასიხარულოა, რომ "ალდაგი ბისიაის" საპენსიო ფონდის აქტივების მთლიანი ღირებულება შთამბეჭდავი ტემპებით იზრდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ფონდის მოწინავე პოზიციას საპენსიო სქემების ბაზარზე", - აღნიშნა "ალდაგი ბისიაის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
"მოხარულნი ვართ, რომ ვადაზე ადრე მივაღწიეთ აქტივების მთლიანი ღირებულების 7.5 მილიონ ლარიან ნიშნულს, რომელიც 2012 წლის ბოლოსთვის გვქონდა დაგეგმილი. ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ მაღალ საინვესტიციო მოგებას, მისაღები საინვესტიციო რისკის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს სქემის მონაწილეთა დანაზოგების კიდევ უფრო მეტ ზრდას", - აცხადებს "აბბი ასეტ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი ბიძინა ბეჟუაშვილი.