სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში სიმშვიდეა და რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. აპარატის ინფორმაციით, პატიმრებს შესაძლებლობა მიეცათ შაბათ-კვირასაც ესარგებლათ პაემნისა და ტელეფონზე საუბრის უფლებით.
როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის აპარატი 2012 წლის 19 სექტემბრიდან ახორციელებს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების საგანგებო მონიტორინგს.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 19 სექტემბერს ზუგდიდის N4 დაწესებულებაში განხორციელდა ორი ვიზიტი, მათ შორის ერთი - ძალიან ადრე დილით როდესაც პატიმართა უმრავლესობას ეძინა, თუმცა მოხერხდა იმ პატიმრებთან გასაუბრება, ვისაც არ ეძინათ. მათი გადმოცემით, ბოლო დღეების განმავლობაში მათზე რაიმე სახის ზეწოლა ადმინისტაციის მხრიდან არ განხორციელებულა. აგრეთვე, არც-ერთი პატიმარი არ ყოფილა მოთავსებული სამარტოო საკანში. იგივე განაცხადეს პატიმრებმა იმავე დღეს, 19 სექტემბერს, სახალხო დამცველის წარმომადგენლის განმეორებითი ვიზიტის დროსაც.
2012 წლის 20 სექტემბერს კვლავ განხორციელდა ვიზიტი ზუგდიდის N4 დაწესებულებაში, რა დროსაც ვითარება კვლავ იყო ნორმალური და დაწესებულება ფუნქციონირებდა ჩვეულ რეჟიმში.
2012 წლის 22 სექტემბერს განხორციელდა კიდევ ერთი ვიზიტი აღნიშნულ დაწესებულებაში, რომლის შედეგადაც პატიმრების ჯგუფმა სახალხო დამცველის რწმუნებულს გადასცა წერილობითი განცხადება, სადაც მიუთითებდნენ დაწესებულების ყველა იმ თანამშრომელზე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა წარსულში სხვადასხვა დროს მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაში.
პატიმართა თქმით, მათ მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ დაწესებულების დირექტორი ამირან ჯანაშია, დირექტორის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჯიჭონაია, თანამშრომლები რომეო როგავა, კობა ანთია, გოგიტა გაბისონია, თემურ გოგოლი, ლევან კოდუა, პაპუნა ქირია, გურამ კვარაცხელია, ონისე, რომლის გვარიც არ იციან და იოსავა, რომლის სახელიც არ იციან, ზაზა, რომელიც დირექტორის მძღოლი იყო. განცხადებას ხელს აწერს 7 მსჯავრდებული.
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს კვლავ განხორციელდა ვიზიტი N4 დაწესებულებაში და მონახულებული იქნენ ის პირებიც, ვინც სახალხო დამცველის რწმუნებულს წინა დღით მიმართა წერილობითი განცხადებით. მსჯავრდებულთა განმარტებით, რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და კმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ უკანასკნელ დღეებში მათ მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ამ დროისთვის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში არის მშვიდი ვითარება, რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. პატიმრებს შესაძლებლობა მიეცათ შაბათ-კვირასაც ესარგებლათ პაემნისა და ტელეფონზე საუბრის უფლებით.