თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახე "ჯი-ეიჩ-ენს" თავად ჯაფარიძემ აცნობა.
მისი თქმით, მისთვის, როგორც საქართველოს კონსულისათვის, რომელიც წლების განმავლობაში პირნადთლად ასრულებდა უპირველეს მოვალეობას და საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, მათ შორის თურქეთში ქართველ პატიმართა უფლებებს განუხრელად იცავდა, ყოვლად მიუღებელია საკუთარ სამშობლოში პატიმართა მიმართ ასეთი არნახულად ვანდალური დამოკიდებულება.
"ბოლო სამი დღის განმავლობაში იმედი მქონდა, რომ მომხდარ მოვლებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების მიერ გადაიდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები, მიმართული პატიმართა წამებაში დასახელებული ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯისთვის, თუმცა ეს არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, ვაპროტესტებ მომხდარ დანაშაულებს, გამოვხატავ სოლიდარობას უფლებაშელახული პატიმრების მიმართ და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას", - აცხადებს ყოფილი კონსული.
მისვე თქმით, წლების განმავლობაში, ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქვეყნდებოდა არაერთი დასკვნა, სადაც ლაპარაკი იყო პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, პატიმართა მიმართ სასტიკ და არასათანადო მოპყრობაზე და პატიმრების სიკვდილიანობის ზრდაზე. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არ იქნა მიღებული ადექვატური ზომები, რათა პატიმრების წამებაში მონაწილე ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილიყო, რამაც სისტემაში სრული განუკითხაობა და დაუსჯელობის სინდრომი გამოიწვია.