.,,ქრისტიან-დემოკრატებმა" საარჩევნო უბნებზე კამერების დაშვებას მისცეს ხმა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა სამუშიამ ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,, ქრისტიან-დემოკრატებმა" ხმა მისცეს არა იმას, რომ საარჩევნო უბნებზე კამერები აეკრძალათ, პირიქით კამერების დაშვებას მისცეს ხმა, რათა უფრო კომფორტული პირობები შექმნოდათ მედიის წარმომადგენლებს. ჩახედეთ კანონს და ნახავთ, რომ დღეს უფრო უკეთესი პირობებია, ვიდრე 2008 წელს იყო", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე განცხადებით, ინგა გრიგოლიასთან შეხვედრა არ ჰქონია.
,,ქალბატონ ინგასთან პირადად არ მისაუბრია, ვურეკავ და ტელეფონი გათიშული აქვს, სამწუხაროდ ასეთი რეალობაა.", _ განაცხადა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ გრიგოლია "ფესიბუქის" გვერდზე წერს .
"ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, "ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს ინგა გრიგოლია.