თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"სტუდენტების ჯგუფისა და მუსიკოსების მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 18.00 საათზე დაიგეგმა აქცია-კონცერტი „სისტემა უნდა დაინგრეს!", რაც არ იყო შეთანხმებული უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან.
ორგანიზატორებმა კონცერტისთვის საჭირო მუსიკალური და გახმოვანების აპარატურისთვის მოითხოვეს ელექტროენერგიის წყაროსთან მიერთება. ამ თემაზე აქციის ორგანიზატორები თსუ რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდნენ, სადაც მათ მიეცათ განმარტება, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ელექტროქსელს დამატებით მაღალი სიმძლავრის აპარატურის უზრუნველყოფა არ შეუძლია. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების და კონცერტების გასამართად უნივერსიტეტს შესაბამისი ტექნიკური მომზადება ესაჭიროება.
არსებული ელექტროქსელი უზრუნველყოფს პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების, მათში განთავსებული ელექტროაპარატურის, სასერვერო სისტემის და მისი გამაგრილებელი აპარატურის, ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობების ენერგომომარაგებას. შესაბამისად, დამატებითი დატვირთვა ქსელის მწყობრიდან გამოყვანის საშიშროებას ქმნის.
აქციის ორგანიზატორები გაგებით მოეკიდნენ არსებულ ვითარებას და მოხდა საკუთარი ენერგიის წყაროს მოძიებაზე შეთანხმება. ამ დროისთვის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია გრძელდება. აქციის ორგანიზატორები კონცერტის გასამართად ელექტროენერგიის ალტერნატიულ წყაროს მოიძიებენ".