ყვარლის რაიონის სოფელ ჩანთლისყურეში „ქართული ოცნების" მხარდამჭერი შამილ რასულოვი დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის მეუღლემ ხალისა მაგამედოვმა განუცხადა, რამდენიმე წუთში მის მეუღლეს თუ არ გაათავისუფლებენ, სოფლის მოსახლეობა ყვარელი - ახალსოფლის გზას გადაკეტავს.
„ჩემი მეუღლე მეზობლის სახლის წინ პატრულმა დაკავა. მიზეზი არ აუხსნიათ. ჯერ გვიმალავდნენ, მერე გვითხრეს, რომ ყვარლის პოლიციაშია გადაყვანილი. ამ წუთებში ჩემს მეუღლეს ადვოკატის გარეშე კითხავენ. ის იმიტომ დააკავეს, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერია, მას არაფერი ჩაუდენია", - აღნიშნა ხალისა მაგამედოვმა.
სოფელ ჩანთლისყურეს ცენტრში ამ დროისთვის უკვე ასამდე ადამიანია შეკრებილი.
ყვარლის პოლიციაში შამილ რასულოვის დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.