საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სურამში ჩავიდა, სადაც პროგრამა "ღიმილიანი საქართველოს" ფარგლებში მოწყობილ მობილურ კლინიკებში პაციენტებს შეხვდა და მათ გაესაუბრა.
სააკაშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება, განსაკუთრებული ყურადღება კი სტომატოლოგიური მომსახურეობის საყოველთაო ხელმისაწვდომობას ეთმობა.
სააკაშვილმა სურამის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ სურამის ციხე ისევე აღდგება, როგორც უკვე აღდგა რაბათი და მალე განახლდება გორის ციხე. ქვეყნის პირველი პირის თქმით, სურამი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი, რომელსაც ექნება წყლისა და კანალიზაციის გამართული სისტემები.