თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ივერ გოგბერაშვილის მიმართ. ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობისთვის მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გოგბერაშვილს ბრალად ედებოდა ზურაბ ტარყაშვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
საქმის მასალის მოხედვით: 2010 წლის 15 მარტს ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი საქმის გარჩევის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იქნა სანდრო გოგბერაშვილი. აღნიშნულ საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად დააკავეს ზურაბ ტარყაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2011 წლის 4 ოქტომბერს გათავისუფლდა. გარდაცვლილი სანდრო გოგბერაშვილის მამამ - ივერ გოგბერაშვილმა განიზრახა შური ეძია და მოეკლა ტარყაშვილი. ამ მიზნით, იგი დაუკავშირდა გარდაცვლილი შვილის მეგობრებს, ირაკლი აგლაძეს და დავით რუსიშვილს. მათ უკანონოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. 2011 წლის 17 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ზ.ტარყაშვილი პრობაციის ბიუროდან მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან, რის შესახებაც დ. რუსიშვილმა დაუყოვნებლივ, აცნობა ივერ გოგბერაშვილს. მალევე დათქმულ ადგილას მივიდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც, ზ.ტარყაშვილის დანახვისთანავე, მათ, განზრახ მოკვლის მიზნით, მოახდინეს მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები, რის გამოც ზ.ტარყაშვილი გაიქცა რუსთაველის გამზირის მიმართულებით. რუსიშვილი, გოგბერაშვილი და აგლაძე, მას სროლით გაეკიდნენ, რითაც რუსთაველის გამზირზე მყოფ მრავალ პირს, განზრახ შეუქმნეს სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე. გაქცევის დროს ავტომობილების სავალ გზაზე წაქცეულ ზ. ტარყაშვილს, დაეწივნენ დ. რუსიშვილი და ი. აგლაძე და თავდაპირველად მათ განახორციელეს გასროლები დაზარალებულის მიმართ, ხოლო შემდგომი საკონტროლო გასროლები აწარმოა ი. გოგბერაშვილმა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ თანამზრახველები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო ზ.ტარყაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ დავით რუსიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობით განიხილა. 2012 წლის 14 ივნისს თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ ცნო 2011 წელს 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
მიმალვაში მყოფი ივერ გოგბერაშვილი დაკავებული და ექსტრადირებული იქნა უკრაინიდან.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. ღია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ივერ გოგბერაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება და მას სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრების პრონციპით, საბოლოოდ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვა.