"შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მოვლენების დრამატულად განვითარებას, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტების გამოაშკარავებას ეხება", _ ნათქვამია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წრმუნებულის კონსტანტინე დოლგოვის მიერ გავრცელებულ კომენტარში. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მედიაში გამოქვეყნებული შოკისმომგვრელი კადრები, რომლებიც გლდანის ნომერ მერვე საპყობილეში მომხდარი წამების ამსახველ ფაქტებს ეხება, კიდევ ერთხელ რეალურად გვაფიქრებს საქართველოს ხელისუფლების უნარზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "ჩნდება ასევე კანონზომიერი კითხვა იმის შესახებ თუ ყოველივე მომხდარი რამდენად შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სამართლებრივ სფეროში, რომლებიც გათვალისწინებულია წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ არსებულ კონვენციებში".
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთის საგარეო უწყება იმედს იტოვებს, რომ ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან.
"იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში გამოვლენილი ძალადობის ფაქტები დეტალური და გამჭვირვალე გამოძიების საგანი გახდება, ხოლო დამნაშავეები დაისჯებიან. იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველივე მომხდარს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტიდან და ევროპის შესაბამისი კომიტეტიდან ჯეროვანი შეფასება მიეცემა", _ ნათქვამია განცხადების დასასრულს.