მოქალაქეების შეურაწყოფის გამო დიდი ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ბადრიძეს საყვედური გამოუცხადეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ელჩმა თავშეკავება ვერ გამოიჩინა და მას სამინისტრომ საყვედური გამოუცხადა.
"უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტს ქონდა ადგილი - უსიამოვნო ყველა თვალსაზრისით. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს წარმომადგენელსაც მიაყენეს შეურაცხოფა, რაზეც მან სათანადო თავშეკავება ვერ გამოიჩინა და შესაბამისი შეურაწყოფით უპასუხა. მართალია მან დაუყოვნებლივ მოიხადა ბოდიში, ისე როგორც მხარეებმა ერთმანეთს მოუხადეს ბოდიში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან მძიმე ემოციურ ფონის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, მივიჩნევთ, რომ საქართველოს ელჩს ალბად მეტი თავშეკავება მართებდა და ამასთან დაკავშირებით მას სამინისტრომ საყვედური გამოუცხადა"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტები გააპროტესტეს. ქართველები საელჩოსთან მივიდნენ და ელჩს, გიორგი ბადრიძეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ.
შეკრებილები შეძახილებით „გამოდი" სკანდირებდნენ. საქართველოს ელჩი ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე საელჩოს შენობიდან გამოვიდა. აქციის მონაწილისგან, რომეო ხერხეულიძისგან გაისმა შეძახილი - „ცოცხი, ცოცხი!"
ამ შეძახილს გიორგი ბადრიძემ უცენზურო გამონათქვამით - „ცოცხი გაიკეთე უკან!" უპასუხა.
მოგვიანებით ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსთან გამართული აქციის ეს ნაწილი youtube-ზე აიტვირთა.
გიორგი ბადრიძემ ვიდეოზე კომენტარის სახით, უცენზურო გამონათქვამის გამო, ბოდიში მოიხადა და აქციის მონაწილეებს ვიდეოს სრული ვერსიის ატვირთვისკენ მოუწოდა.
„დღევანდელი აქციის დასაწყისში ჩემს მიერ წამოსროლილი ფრაზის შემდეგ მაშინვე მოვუხადე ყველას ბოდიში, როგორც კი გაირკვა, რომ არასწორად გავიგე რომეო ხერხეულიძის გამონათქვამი. დადეთ სრული ჩანაწერი. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ კონტექსტიდან ნუ ამოაგდებთ. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი არსებობს", - წერს ელჩი ვიდეოს კომენტირებისას.