„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება რუსთავის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძის მიერ ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
2012 წლის 22 სექტემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს რუსთავის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე. მსჯავრდებული საუბრობს N6 დაწესებულებაში მის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის თაობაზე.
გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისათვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენებთან შეხვედრას, რომელსაც ჩვენებას მისცემს ზამოააღნიშნულ საქმეზე.
მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს დაზიანებები აღენიშნებოდა. 21 სექტემბერს, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში გაკეთებული ნევროპათოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა.
სახალხო დამცველის აპარატმა მის ხელთ არსებული მასალა მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.