"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ კრწანისის ბრძოლაში მონაწილე გმირების ხსენების დღესთან დაკავშირებით მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სავედრებელ პარაკლისს დაესწრნენ.
გიორგი თარგამაძე: "დღევანდელი დღე ყველაფერთან ერთად კიდევ არის შეხსენება თანამედროვე ქართველებისთვის, რა ხდება მაშინ როცა ქართველობა ერთ პირს ვერ ნახულობს, როდესაც ჩვენ დაქსაქსულები ვართ, როდესაც მტერი ჩვენზე ამის გამო ადვილად იმარჯვებს. მე მიმაჩნია რომ დღევანდელი დღე, სწორედ დღევანდელი გადმოსახედიდან, ისტორიული თვალსაზრისით არის გაკვეთილი ქართველებისთვის და საქართველოსთვის".
ზაზა გაბუნიას თქმით, ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი და მას კრწანისში მცხოვრებთ, თბილისელებს და სრულიად საქართველოს ულოცავს.
ზაზა გაბუნია: "დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ კრწანისელ მებრძოლებს ვიხსენებთ, რომელთა მოქმედება არის პატრიოტიზმის, პრინციპულობის სიმბოლო. ღმერთმა ინებოს რომ მათი ლოცვით საქართველოს ჰქონდეს მშვიდობა და განვითარება".