სამართალდამცავებმა ეროვნული საგანძურის ქვეყნის გარეთ გატანის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. 2012 წლის 2 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისა და არქეოლოგიური ობიექტების საქართველოდან უნებართვოდ გატანის მცდელობის ფაქტებზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19,2594-ე მუხლით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სამარხიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამდენიმე პირი დაეუფლა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და შეეცადა მათ გატანას თურქეთში სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, თუმცა, მათ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლეს, - არქეოლოგიური ნივთები ამოღებული იქნა პირადი ჩხრეკვისას.
ამ პირებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მიუთითეს სამართალდამცავებს არქეოლოგიური განძის ადგილსამყოფელი - უძველესი სამარხი (ყორღანი), რომლის გახსნასაც ბრალდებულები გეგმავდნენ.
საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლების მიერ ყორღანის გახსნის შემდეგ სამარხიდან ამოღებული იქნა ოქროს უნიკალური ნივთები, რომლებიც, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა