უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს, როგორც აღმოსავლეთ, ასევე, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ დღეების განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებ არაერთხელ მოინახულეს გლდანის N8, ქუთაისის N2, ბათუმის N3, ზუგდიდის N4, გეგუთის N14, რუსთავის N17, რუსთავის N16, ქსნის N15, რუსთავის N6, ქალთა N5, თბილისის N1 დაწესებულებები.
ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გლდანის N8 დაწესებულებას, სადაც განხორციელდა არა-ერთი ვიზიტი და მონახულებული იქნა პატიმართა დიდი ნაწილი. მათი განმარტებით, უკანასკნელ დღეებში რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ა/წ 22 სექტემბერს სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობის მიერ დაიწყო პატიმრებისთვის ლეიბების დარიგება. N8 დაწესებულებაში პატიმართა მცირე ნაწილი შიმშილობდა და პროტესტს გამოთქვამდა მათ მიმართ უკანასკნელი წლების მანძილზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და სოლიდარობას უცხადებდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებს.
ამავე მიზეზით, უკანასკნელ დღეებში პატიმართა 11-კაციანი ჯგუფი შიმშლობდა ბათუმის N3 დაწესებულებაში. ანალოგიური მიზეზით, მსჯავრდებულთა გარკვეულმა ნაწილმა გამოაცხადა შიმშილობა რუსთავის N17 დაწესებულებაში, თუმცა მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ზომა არ უკავშირდება მათ მიმართ მოპყრობას, არ არის მიმართული N17 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების წინააღმდეგ და არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული მსჯავრდებულთა მცირე ნაწილს ქსნის N15 და რუსთავის N6 დაწესებულებებში.
წარსულში მომხდარ არასათანადო მოპყრობის მნიშვნელოვან ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება პატიმრებმა ყველა ზემოაღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რაზეც სახალხო დამცველის რწმუნებულებს გადასცეს კოლექტიური განცხადება-საჩივრები შესაბამისი რეაგირებისთვის. სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ იწყებს მიღებული განცხადებების შესწავლას. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებული პატიმრები მიუთითებენ მათ მიმართ მოპყრობის მკვეთრ გაუმჯობესებაზე უკანასკნელი დღეების განმავლობაში და გამოთქვამენ კმაყოფილებას ამასთან დაკავშრებით, თუმცა ამავდროულად ითხოვენ წარსულში განვითარებულ მოვლენებზე დამნაშავე პირების დასჯას.
აუცილებლად ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები ინარჩუნებენ სიმშვიდეს, რაიმე ინციდენტს ადმინისტრაციასთან ან ერთმანეთში ადგილი არ ჰქონია. ყველა დაწესებულებაში ვითარება ამ დროისთვის არის ნორმალური, ექვემდებარება კონტროლს და დაწესებულებები ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ რაიმე სახის დამატებით შეზღუდვას და აკრძალვას უკანასკნელ დღეებში სასჯელაღსრულების არც-ერთ დაწესებულებაში ადგილი არ ჰქონია.
N8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის და მათი ოჯახებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უკანასკნელ დღეებში 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს პაემნები ოჯახის წევრებთან. ასევე, პატიმართა დიდ ნაწილს ჰქონდა საშუალება ტელეფონით დაკავშრებოდა ოჯახებს და შეეტყობინებინა თავისი მდგომარეობა.
სახალხო დამცველის აპარატი შეუჩერებლად განაგრძობს საგანგებო მონიტორინგს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მონიტორინგი თბილისის N1, გლდანის N8 და რუსთავის N6 დაწესებულებებში.