დღეიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებს პატრულის თანამშრომლები დატოვებენ, - განცხადებას ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების მინისტრი გიორგი ტუღუში ავრცელებს. მისი თქმით, სისტემა ამ დროისთვის სრული კონტროლის ქვეშ არის და შინაგან საქმეთა სამინიტროს ქვედანაყოფის ყოფნა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
ტუღუშის თქმით, ზოგიერთ დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ, თუმცა ისინი ამ ფორმით სიმბოლურად თანადგომას უცხადებენ იმ პატიმრებს, რომელთა მიმართ სასტიკი მოპყრობა განხორციელდა.
მინისტრი აცხადებს, რომ არც ერთი მოძალადე თანამშრომელი პენიტენციალურ სისტემაში აღარ იმუშავებს. ცოტა ხანში კი ახალი თანამშრომლების მისაღებად კონკურსი გამოცხადდება.
"პატრული ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. ჩვენ პატრული შვინარჩუნეთ გარკვეული პერიოდი, რაც განპირობებული იყო იმით, რომ განსაკუთრებით გლდანის დაწესებულებაში, ნაწილი პატიმრებისა, განსაკუთრებით დასაწყის ეტაპზე, ითხოვდნენ, რომ პატრული მათ სიახლოვეს ყოფილიყვნენ. მათ ჰქონდათ პატრულის მიმართ გაცილებით მეტი ნდობა. ყველა პატიმარი, რა თქმა უნდა, უკლებლივ უცხადებს სოლიდარობას იმ პატიმრებს, რომლებიც დაექვემდებარნენ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას. ნაწილმა პატიმრებისამ, რიგ დაწესებულებებში გამოაცხადა სიმბოლური შიმშილი. ამასთან, მათ ყველამ განაცხადებს, რომ ადმინისტრაციასთან პრობლემა არ აქვთ. ისინი ამ ფორმას აძლევენ სოლიდარობის გამოხატვას პატიმრების მიმართ, რომლებიც გახდნენ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი", - განაცხადა ტუღუშმა.