მესტიაში კახა ჟორჟოლიანის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"კაპიტონ ჟორჟოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მესტიის საოლქო საარჩევნო კომისის წევრ არჩილ სოფრომაძეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაპიტონ ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ კაპიტონ ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სსკ-ის 125-ე მუხლით საქმე 3 დღით ადრეც აღიძრა. ამ შემთხვევაშიც კაპიტონ ჟორჟოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არჩილ სოფრომაძეს მიაყენა. თუმცა, მაშინ ჟორჟოლიანი დაიკითხა და გათავისუფლდა. პოლიცისთვის სოფრომაძის მიერ მეორედ მიმართვის და ჟორჟოლიანის დაკავების შემდეგ, მაშინ, როდესაც კაპიტონ ჟორჟოლიანი სასამართლოში გადაჰყავდა პოლიციას, მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციის ავტომანქანას, სადაც ჟორჟოლიანი იმყოფებოდა, ალყა შემოარტყა, გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა და პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას.
პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. გამოძიებას მესტიის რაიონული სამმართველო აწარმოებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.