დღეს, 24 სექტემბერს, სტუდენტებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა აქციები განახლდება. სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებთან შეიკრიბებიან და 15:00 საათისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივლენ.
ორგანიზაცია "არას" ხელმძღვანელის ლევან ჩიტაძეს განცხადებით, სტუდენტები 17:00 საათზე ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, ამის შემდეგ ყველანი ერთად პროკურატურასთან გადაინაცვლებენ.
"ფილარმონიასთან აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და ამ დღეებში ყოველდღე 17:00 საათზე გაიმართება", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, არც ერთი დამნაშავე, რომლებიც პატიმრების წამებაში არიან ბრალდებულები, არ არის დასჯილი, ხოლო ის სპექტაკლები, თითქოს 10 ადამიანი დაიჭირეს, არაფერს ნიშნავს.
ჩიტაძის განცხადებით, აქციები უნდა იყოს მშვიდი, ხოლო ვინც შეეცდება, რომ დაიწყოს რაიმე პროვოკაცია ან ნასვამ მდგომარეობაში მივა აქციაზე და ჟურნალისტს, პოლიციელს ან აქციის რომელიმე მონაწილეს შეურაცხყოფას მიაყენებს, ის ჩაითვლება მოგზავნილ პროვოკატორად.
მისივე თქმით, სწორედ ამ ხელისუფლების მიერ მოხდა პატრიარქის შეცდომაში შეყვანა და ისეთი განცხადებები გააკეთებინეს, რომ სტუდენტებში დაბნეულობა შეიტანა. თუმცა, როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, მათ მიაღწიეს იმას, რომ საპატრიარქომ დააზუსტა ტექსტი და აღმოჩნდა, რომ პატრიარქს არ მოუწოდებია მათთვის სახლში წასვლა და დაშლა, არამედ მოუწოდა სიმშვიდისკენ.
მასალის გამოყენების პირობები