"ნაციონალური" მოძრაობა" "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და მაჟორიტარობის კანდიდატ ლუკა კურტანიძეს მათ მომხრეებზე ძალადობასა და თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება მმართველი პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მაგალითად, გუშინ წნორში "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ ძალადობის შედეგად დაშავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, მათ შორის ერთ-ერთი ქალი. დღეს კი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი "ქართული ოცნების" მომხრეების მიერ მძიმედ იქნა დაშავებული ადიგენის ერთ-ერთ სოფელში. დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ კოალიციის აქტივისტები ცდილობდნენ თავიანთი წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრას ჩვენი მომხრეს საცხოვრებელი სახლის ღობეზე", - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, მათი მომხრეების წინააღმდეგ ძალადობაში უშუალოდ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე მონაწილეობს.
"მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში ლუკა კურტანიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც აზერბაიჯანული წარმოშობისაა. კურტანიძე მას საქართველოდან გაძევებით დაემუქრა, თუ ი პოლიტიკურ შეხედულებას არ შეიცვლიდა", - დასძინა თაქთაქიშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტები იმდენად მძიმეა, რომ მათ რეაგირებისთვის არა უწყებათაშორის კომისიას, არამედ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.