საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ორ საჯარო სკოლას, 189-ე და 51-ეს, რომელშიც თავის დროზე თავად სწავლობდა, საკუთარ ერთი თვის ხელფასს ურიცხავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ერთ-ერთ მის ყოფილ, 189-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.
აღნიშნულით მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ალუმნას პროგრამას გამოეხმაურა, რომლის საქართველოში განხორციელების ინიატივითაც ცოტა ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოვიდა.
ქვეყნის პრეზიდენტის შეფასებით, შაშკინის ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან "თითოეულ მოქალაქეს ეძლევა იმის საშუალება დაამტკიცოს, ცხოვრებაში, ის, როგორც ადამიანი რამდენად შედგა".
"მინდა ჩემი ერთი თვის ხელფასი გაიყოს და გადაირიცხოს 2 სკოლას შორის...
ამაზე კარგ საქმეს - დავეხმაროთ სკოლებს, რომლებშიც ვსწავლობდით ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირი შაშკინის ამ ინიციატივისთვის სოლიდარობის გამოცხადებისკენ ყველა სახელმწიფო მოხელეს მოუწოდებს.
"მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელიც 100 ათასზე მეტია, თუ ისინი თვლიან, რომ შედგენენ, როგორც ადამიანები, მაშინ, ვისაც 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს, თავის ყოფილი სკოლის ან სკოლების ანგარიშზე მინიმუმ 50 ლარი გადარიცხოს, ვისაც 1000 ლარზე მეტი აქვს - 100 ლარი", - განმარტა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სკოლებისთვის გადარიცხული თანხის ნაწილი "ღვაწლმოსილი პედაგოგების დახმარებაზე, ნაწილი კი კონკრეტული სკოლებისთვის მატერიალური ფასეულობების შემქნაზე" უნდა დაიხარჯოს.