დაჩი ცაგურიას და ბექა ალადოშვილს მიმართ პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა განახორციელა, ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
"22 სექტემბერს, ღამის 10 საათზე საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, სადაც ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი მოინახულეს.
დაპატიმრებულების განმარტებით, დაკავებისას და დაკავების შემდეგ მათ მიმართ პოლიციის მიერ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა, რის შედეგადაც მიყენებული აქვთ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა, მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. დაპატიმრებულების გადმოცემით, ისინი თავს ამჟამად ნორმალურად გრძნობენ.
სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა საქმის შესწავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიღების შემდგომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებს სახალხო დამცველი.