სტუდენტთა ჯგუფმა ახლადგახსნილ იუსტიციის სახლთან შიმშილობა დაიწყო. ჯერჯერობით მხოლოდ 6 ახალგაზრდა შიმშილობს, თუმცა არ არის გამორიცხული მათი რაოდენობა გაიზარდოს. მათი მოთხოვნა დაკავებულების - დათო ფაცაციას, ლაშა მესხიას, დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილის გათავისუფლებაა.
სტუდენტური მოძრაობა "ივერიელები", "ქართველი"- ს და "სტუდენტური ხმის" წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის შემდეგ იუსტიციის სახლის ახალ შენობასთან გადაინაცვლეს.
სტუდენტების განცხადებით, ფაცაცია და მესხია უკანონოდ არიან დაკავებულები და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ. დათო ფაცაცია და ლაშა მესხია გუშინ დააკავეს. მათ 40-დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაჩი ცაგურია და ბექა ალადაშვილი კი, არსებული ინფორმაციით, დღეს დააკავეს და ისინი საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილი.