საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ აბულაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, დაბა წნორში „ქართული ოცნების" მხარდამჭერები გელა და ვახტანგ დარჩიაშვილები ცემა. ცემის შედეგად გელა დარჩიაშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ის წნორში, „არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გელა დარჩიაშვილის ძმამ ვახტანგ დარჩიაშვილმა განუცხადა, ისინი ანაგიდან წნორში, „ქართული ოცნების" შტაბში მიდიოდნენ. „ქართული ოცნების" მაისურები გვეცვა. ვიდრე შტაბთან მივალთ პოლიციის შენობაა. იქ ნუგზარ აბულაშვილი იდგა „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე აქტივისტთან ერთად. ჩემს ძმას უთხრა, შენ ღირსი არ იყავი, ოპერაცია რომ დაგიფინანსეთო. ჩემს ძმას მძიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული, სახელმწიფომ 5 ათასი ლარი გადაურიცხა. აბულაშვილმა ეს დააყვედრა, ახლა „ქართული ოცნების" მაიკა რატომ გაცვიაო. ამან უთხრა, მე რასაც მინდა იმას ჩავიცვამ, შენ ვინ გკითხავსო. აბულაშვილი თავის აქტივისტებთან ერთად დაგვეცა და გვცემა. ჩემი ძმა ავად გახდა. ის ახლა საავადმყოფოშია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვახტანგ დარჩიაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ნუგზარ აბულაშვილს დაუკავშირდა. „არ დაიღალეთ? მე თქვენს წინაშე არც არაფერს დავადასტურებ და არც უარვყოფ. კიდევ ბევრი უნდა წეროთ ჩემზე. ნახვამდის?", - განაცხადა აბულაშვილმა.
„არქიმედეს" კლინიკის ხელმძღვანელის ნუკრი ყარალაშვილის თქმით, გელა დარჩიაშვილს გამოკვლევები უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის.