„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერების გიორგი თარგამაძის და გიორგი ახვლედიანის ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარი თემა პატიმართა წამების ფაქტები და მათი უფლებების უხეში დარღვევა იყო.
მოძრაობის ლიდერის თქმით, პატიმართა უფლებების დამრღვევი პირები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ და დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, გლდანის მერვე საპყრობილეში განვითარებულ მოვლენები არ არის პირველი შემთხვევა პატიმრების უფლებების უხეში დარღვევის კუთხით და არც ერთადერთი, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მსგავსი სახის ძალადობა და პატიმრების უფლებების უხეში დარღვევა ქუთაისის მე-2 საპყრობილესა და გეგუთის კოლონიაშიც ხორციელდებოდა.
შეხვედრის დროს ქუთაისელმა იურისტებმა და ადვოკატთა ჯგუფმა გიორგი თარგამაძეს და გიორგი ახვლედიანს ინიციატივით მიმართეს. იურისტებმა და ადვოკატებმა მზადყოფნა გამოთქვეს უსასყიდლოდ მოემსახურონ პატიმრების ოჯახის წევრებს, გაუწიონ კონსულტაციები და ციხიდან ობიექტური ინფორმაცია გამოიტანონ პატიმართა მდგომარეობის შესახებ.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ქუთაისის „ქრისტიან-დემოკრატების" ოფისი საგანებო რეჟიმში იმუშავებს პატიმარების და პატიმართა ოჯახის წევრების დასახმარებლად.
სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს და მოუწოდეს პირველ ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ.
„ის მდგომარეობა, რაც არის გლდანის ციხეში სამწუხაროდ არ არის ერთეული შემთხვევა, რადგან არსებობს სერიოზული ეჭვი იმის შესახებ, რომ ქუთაისის მე-2 საპყრობილესა და გეგუთის კოლონიაში მსგავსი სახის ძალადობა ხორციელდება პატიმრების მიმართ, სწორედ ამიტომ იურისტებისა და ადვიკატთა ჯგუფის დახმარებით, ჩვენ ვეცდებით აღნიშნული საპყრობილეებიდან ობიექტური ინფორმაციის გამოტანას და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვთ დამნაშავე პირთა დასჯას" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდენ პატიმართა უფლებების დარღვევის შემზარავ ფაქტებზე და სამჯერ დააყენეს სასჯელაღსრულების მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი.