ყოფილმა პატიმარმა მასზე ზეწოლის ფაქტების შესახებ პოლიციაში განაცხადა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა. თეა წულუკიანი, პოლიციის სამმართველოში ნაძალადევის რაიონის ლოტკინის შტაბის წევრთან ყოფილ პატიმარ ალექსანდრე უსოევთან მივიდა. უსოევს ნაძალადევის რაიონის „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მერაბ სამადაშვილი და უცნობი პირები მისი ბოლო დროინდელი განცხადებების გამო დევნიან.
„ყოფილი პატიმარი ალექსანდრე უსოევი და მისი მეუღლე მარინა მანძოევა, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს ხმა აიმაღლონ იმ წამების წინააღმდეგ, რისი გადატანაც მოუხდათ, მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებიან. გუშინ ალექსანდრე უსოევის ავადმყოფ ძმას, პირადად მიაკითხა მერაბ სამადაშვილმა და უთხრა, რომ, თუ ალექსანდრე უსოევი ჩემთან თანამშრომლობას შეწყვეტდა, თავად მოუგვარებდა ყველა პრობლემას. მე დღეს ალექსანდრე უსოევთან ერთად მოვედი პოლიციაში, რათა განვაცხადო ზეწოლის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ორგანოებისგან რეაგირება მოვითხოვო" , - განაცხადა წულუკიანმა.
ალექსანდრე უსოევი გლდანის ციხიდან 2012 წლის აპრილში გათავისუფლდა. იგი 2007 წელს დააპატიმრეს და სასჯელს გლდანის ციხეში, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ორთაჭალაში და ბოლოს გლდანის მე-18 დაწესებულებაში ე.წ. „რეზბალნიცაში" იხდიდა.
„ალექსანდრე უსოევზე ძალადობა გლდანის ციხეში მოხვედრისთანავე განხორციელდა. ციხის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ვინმე ვიქტორმა მას ცემის დროს ყბა მოტეხა. 2010 წლის ივლისში ვაჟა ცხვედიანმა, ალექსი თოლორდავამ და გიორგი ავსაჯანიშვილმა განახორციელეს უსოევის ჯგუფური ცემა, რის შედეგადაც მას გაუსკდა ნაწლავი. მუცელზე აქვს ოპერაციისა და ცემის მრავლობითი კვალი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იგი ყველა ჩამოთვლილი პირის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.