"საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებრივი საბჭო არხის ხელმძღვანელობისგან პატიმართა წამების ფაქტების სათანადოდ გაშუქებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საბჭოს შემადგენლობას დატოვებენ.
"მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფართოდ გაშუქდეს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა და მოხდეს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი პროტესტის ასახვა ექსპერტთა თუ საზოგადოების წარმომადგენელთა შერჩევითობის პრინციპის გარეშე, რაც წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდისტული მანქანის მამოძრავებელი სტილი იყო. თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კვლავ გაგრძელდება კრიტიკული აზროვნების მქონე ექსპერტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა დაბლოკვა და საინფორმაციო გადაცემებში ფაქტებისა თუ კომენტარების მიზანმიმართულად დამახინჯება, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდში მაინც ეთერს არ დაუთმობს თავისუფალ დისკუსიებს ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, უარს ვიტყვით საზოგადოებრივი საბჭოს წევრობაზე", - ნათქვამია საზოგადოებრივი საბჭოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მაუწყებლობის შესახებ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრებთან წელიწადში სულ მცირე ორჯერ შეხვედრას ავალდებულებდა, თუმცა, ეს ინიციატივა სამეურვეო საბჭოდან არ წამოსულა.
"აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი საბჭოს არსებობას დღემდე ფორმალური ხასიათი აქვს. იმის გამო, რომ დღემდე ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება სხდომების შეგნებულად არმოწვევის გამო არ მოგვეცა, ჩვენი პოზიციის გამჟღავნების ამ ხერხს მივმართეთ", - აღნიშნულია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებრივი საბჭო განცხადებაში.