თბილისის იუსტიციის სახლი მუშაობას იწყებს. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი იუსტიციის სახლი დღეს თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტით შექმნილი თანამედროვე ნაგებობა გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სერვისებს. აქ თავს მოიყრის 300-ზე მეტი სერვისი, მოქალაქეებს ერთდროულად 400 ოპერქტორი მოემსახურება.
"დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ ვხნით აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ყველაზე ლამაზ და ყველაზე დიდ შენობას", - აღნიშნა პრტეზიდენტმა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ შენობა გათვლილია არა თითოეულ ჩინოვნიკზე, არამედ ხალხზე, რადგანაც ამ შენობაში საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურების მიღებას შეძლებენ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ იუსტიციის სახლი არის ხალხის სახლი.
"ეს არის სიმბოლო, ერთი მხრივ, ჩვენი ინსტიტუტების ეფექტურობის, სრული ანტითეზისის ძველი ინსტიტუტებისა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს შენობა დღეს თბილისის ცენტრში არის ახალი სიმბოლო, რომელიც წარმოიშვა ხალხსა და მთავრობას შორის.
"ხალხის მთავრობისა, რომელიც არსებობს იმისათვის, რომ ხალხი კი არ ემსახუროს მას, არამედ მთავრობა მოემსახუროს თავის საზოგადოებას და თავის ხალხს. მთავრობა თავისთავად არაფერს წარმოადგენს, მთავრობის წევრები, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თავისთავად არ წარმოადგენენ განსაკუთრებულ ფასეულობას, ხალხი არის ყველაფერი", _ აცხადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ მოქალაქეები არის მთავარი ფასეულობა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი არის გლდანის ციხის ანტითეზისი. "ეს არის კონტრასტი ჩაკეტილობასა და გახსნილობას შორის", - განმარტა პრეზიდენტმა.
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის სერვისებს. სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში.