საგარეჯოში „ქართული ოცნების" შტაბის წევრი შმაგი ბერიძიშვილი დააკავეს. „ქართული ოცნებიდან" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ბერიძიშვილის დაკავება სოფელ კოჭლაანში ამომრჩეველთან შეხვედრისას მომხდარ ფაქტს უკავშირდება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა „ნაციონალური მოძრაობის" მაისური გაიხადა და სანაცვლოდ „ქართული ოცნების" მაისური ჩაიცვა.
„პოლიცია კი დღეს აცხადებს, რომ ახალგაზრდას მსგავსი საქციელი შმაგი ბერიძიშვილმა აიძულა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ არავითარ იძულებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ვიდეოფირის პოლიციაში წაღებას აპირებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება გომბორის ზონაში განსაკუთრებით „გაკაპასებულია", რადგან მარცხს მოელის და ამგვარი მეთოდებით „ქართული ოცნების" წარმომადგენლების საარჩევნო კამპანიიდან ჩამოშორებას ცდილობს.