" თელავის პოლიციის დეტექტივების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი ბექა აბულაძე „ქართულ ოცნებას" შეუერთდა. მისი თქმით, პოლიციიდან ის შს მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის შემდეგ წამოვიდა, რადგან პოლიციის თანამშრომლებს "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების დევნას ავალებდნენ.
„მინისტრის შეცვლის შემდეგ, ივლისში, სამხარეო სამმართველოში შეიცვალა ხელმძღვანელობა, ძალიან არაპროფესიონალი კადრები მოვიდნენ, რომლებიც არაადექვატურ დავალებებს გვაძლევდნენ. პირადად მე, ამ დავალებებს ვერ შევასრულებდი. დავალებებში ვგულისხმობ „ქართული ოცნების" წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას და მათზე ზეწოლას. ჩემთან ერთად, თელავის პოლიციის რიგებიდან 5 თანამშრომელი წამოვიდა," - განაცხადა ბექა აბულაძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების გადაწყვეტილება საპატიმროებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების ნახვის შემდეგ მიიღო.
„როდესაც ვნახე ის შემზარავი კადრები, რომელმაც მთელ საზოგადოებასთან ერთად ჩემზეც ძალიან დიდი გავლენა იქონია, გადავწყვიტე მოვსულიყავი „ქართულ ოცნებაში", რათა უფრო აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში," - განაცხადა აბულაძემ.