"საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთმა რუსეთ-ნატოს საბჭოში შესაძლოა მონაწილეობა შეაჩეროს. საქართველოს ნატოში გაწევრიანება - ეს ერთგვარი პრობლემაა, მით უფრო "პრო"-ს სისტემასთას დაკავშირებული გეგმების გათვალისწინებით", _ ეს განცხადება რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთს ამაზე რეაგირება შეუძლია, თან, საკმაოდ კონკრეტულად.
"მაგალითად, ჩვენ გვაქვს ასეთი სტრუქტურა - რუსეთი-ნატო. ერთხელ ჩვენ უკვე შევაჩერეთ მისი მუშაობა ერთი წლით იუგოსლავიაში ომის შემდეგ და შეგვიძლია კვლავ ამ დონეზე მოვახდინოთ რეაგირება",- აცხადებს პუშკოვი და აღნიშნავს, რომ მართალია, ნატოში ადრე აცხადებდნენ, რომ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას არ აპირებენ, მაგრამ შესაძლოა ადრე თუ გვიან მაინც განათავსონ.