გლდანის მერვე საბყრობილეში პატიმართა წამების კადრების ერთ-ერთი გადამღების, საბყრობილის ყოფილი თანამშრომლის, დათა აკობიას ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აკობიას ადვოკატმა სალომე აბულაძემ განუცხადა, დაკავების მონეტრიდან 24 საათის განმავლობაში მის ადგილსამყოფელს მთავარი პროკურატურა ადვოკატებს უმალავდა. ადვოკატებს, სალომე აბულაძეს და მამუკა ნოზაძეს, მთელი დღს განმავლობაში, უფლება არ მისცეს, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი ენახათ ან მის დაკითხვაში მონაწილეობა მიეღოთ, რაც, მათი თქმით, კანონის უხეში დარღვევაა. თუმცა, პატიმრის მიმართ დარღვევები ამით არ ამოწურულა.
მისივე თქმით, აკობიას ჩვენების გავრცელების შემდეგ, უკვე, ორი დღეა, მის ადგილსამყოფელს ადვოკატები ისევ უშედეგოდ ეძებენ.
"სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უხეშად არღვევს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის უფლებებს და არა მარტო მისას. დღეს, მას შემდეგ, რაც აკობიას ყველა სავალდებულო ადგილსამყოფელი მოვიარეთ, სადაც გვითხრეს, რომ პატიმარი მათთან არ არის, კიდევ ერთხელ მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სადაც განგვიმარტეს, რომ ჩვენ, მისმა ადვოკატებმა განცხადებით უნდა მივმართოთ დეპარტამენტს და ამ განცხადების საფუძველზე გაგვცემენ პასუხს. ეს არის არა მარტო პატიმრის, არამედ ადვოკატთა უფლებების უხეში დარღვევა. ჩვენ არ გვაძლევენ ნებას, განვახორციელოთ პროფესიული ვალდებულება და დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სალომე აბულაძე.