"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ეხმიანება გიორგი ტუღუშის დანიშვნას მინისტრის თანამდებობაზე. "42-ე მუხლი" მიიჩნევს, რომ გიორგი ტუღუში არის დადებითი რეპუტაციის მქონე პიროვნება, მას აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე და კარგად იცის საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პრობლემები.
"ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება მთელი რიგი რეფორმების გასატარებლად, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას საპატიმრო დაწესებულებებში.
"42-ე მუხლი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას დადგეს მაღალი ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ყველა დანაშაულებრივი ფაქტი უნდა იყოს ობიექტურად გამოძიებული და სიღრმისეულად შესწავლილი. ყველა იმ პირმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩადიოდა დანაშაულს პასუხი უნდა აგოს სათანადო წესით და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.
"გარდა ამისა, პატიმართა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით და პრევენციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს განახორციელოს მონიტორინგი საპატიმრო დაწესებულებებში. „42-ე მუხლი" იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი ტუღუში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად, ძალისხმევას არ დაიშურებს და სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გააძლიერებს", - ნათქვამია მათ განცხადებაში.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გამოხატავს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს პენიტენციალური სისტემის რეფორმირების პროცესში და საპატიმრო დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღოს.