დღეს, 21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ათასობით სტუდენტი თსუ-ის პირველი კორპუსის წინ ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აქციას გამართავს და საკუთარ მოთხოვნებს წამოაყენებს.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების თვითმმართველობების პოზიცია გააცნო:
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ათეულ ათასობით სტუდენტის მიერ არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები სასტიკად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ ძალადობას. განსაკუთრებით იმ ძალადობას რაც ჩვენ ტელეეთერით ვიხილეთ. განურჩევლად დანაშაულისა, რაც ადამიანს საზოგადოების წინაშე აქვს ჩადენილი, დაუშვებელია მისი წამება. ამიტომ, ჩვენ გაგვაჩნია მოთხოვნები და ვიწყებთ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს, სანამ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება:
1. მკაცრად გასამართლდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა მსგავსი ქმედების განხორციელებაში.
2. ყველა იმ პირმა დატოვოს თანამდებობა, რომელიც მომხდარში რაიმე სახით არის პასუხისმგებელი.
3. შეიქმნას ხუთკაციანი სტუდენტური ჯგუფი, რომელსაც პრემიერ-მინისტრისთვის დავალებულ პენიტენციურ სისტემაში განსახორციელებელ ახალ რეფორმაში მონაწილეობის და მონიტორინგის უფლება მიეცემა.
4. შეიქმნას ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც უკვე ახალ სახალხო დამცველთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ციხეების მონიტორინგში.
5. სტუდენტებს უნდა ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში.
15.00 საათზე ამ მოთხოვნებს გავაცნობთ რამდენიმე ათეულ ათას სტუდენტს და მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ და ვიდგეთ ერთად, ვიდრე ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ასევე არსებობს საკითხები რაზეც პოლიტიკური ქულების დაწერა ყოვლად წარმოუდგენელი და ამორალურია. ამიტომ, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს - არჩევნებამდე ასეთ მცირე პერიოდში არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩვენი სტუდენტების გულწრფელი პროტესტი არ გამოიყენოს პოპულისტური განცხადებებისთვის", - განაცხადა გუბაძემ.