რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის გოდერძი კიკნაძის დედის განცხადებით, წუხელ, გვიან ღამით, მის შვილს, რომელიც შს მინისტრს ბაჩო ახალაიას მკვლელობაში ამხელს, საკანში საპატიმროს თანამშრომლები შეუვარდნენ და სასტიკად ცემეს. პატიმრის დედის განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პატიმრის მშობელს საპატიმროდან უცნობმა პირებმა ტელეფონით აცნობეს.
„გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ წაუყენეს მკვლელობის ბრალდება და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება პატიმრის მკვლელობას, რაშიც ბრალი იმ დროისათვის სრულიად სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს.
პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და 13 წლის წინანდელ მკვლელობაში ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია მონაწილეობდა. „ჩემი შვილი დიდი ხანი დუმდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა, მოკლავდნენ. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი ურჩევნია. ძალიან მეშინია! ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც მიკლავენ" - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას პატიმრის დედამ.
გოდერძი კიკნაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი იცავს. პატიმრის მშობელი და ეკა ქობესაშვილი რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გაემგზავრნენ, რათა ადგილზე მიიღონ ინფორმაცია გოდერძი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. წუხანდელი შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველი აპარატი. პატიმართან შეხვედრას ომბუდსმენის რწმუნებულიც ცდილობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს გოდერძი კიკნაძის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, რადგან მას საფრთხე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ბაჩო ახალაიასგან ემუქრება.