პატიმრების წამებისთვის დაკავებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათ თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა წამების მუხლით შეეფარდა, დანარჩენ ექვს მათგანს კი პატიმრებისადმი დამამცირებელი მოპყრობისთვის.
შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული არიან: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე; გლდანის მერვე საპყრობილის დირექტორი დავით ხუჭუა; დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი; საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე; მერვე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია; მერვე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია; კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე; ოპერატიული მორიგე გელა ცომაია; კონტროლიორი ლევან ფხალაძე; უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა.
მე-11 პირს, მორიგე ინსპექტორ ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი კი დაუსწრებლად წარედგინა.