"ფეისბუკზე", საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ არაოფიციალურ გვერდზე გავრცელდა "პრემიერ-მინისტრის მიმართვა", რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ განცხადებას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელით, სოციალურ ქსელებში უამრავი არაოფიციალური გვერდი არის შექმნილი. ერთ-ერთ მათგანზე გავრცელდა "პრემიერ-მინისტრის მიმართვა", რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ განცხადებას", - აღნიშნულია პრემიერის აპარატის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრის განცხადებები და მიმართვები მხოლოდ ორ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება: ttps://www.facebook.com/Merabishvili.vano; tps://www.facebook.com/GeorgianGovernment.
შეგახსენებთ, რომ იმ მიმართვაში, რომელიც პრემიერის აპარატის ინფორმაციით არაოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და არ არის ოფიციალური განცხადება, მერაბიშვილი ამბობს, რომ გამოსავალი ნაპოვნია და დაისჯება ყველა, ვინც არაადამიანური მოპყრობით სამშობლოს უღალატა.
"მინდა, რომ დამშვიდდეთ. ვიცი ძნელია, მაგრამ უნდა მოვერიოთ თავს. გამოსავალი ნაპოვნია და დაისჯება ყველა მათგანი, ვინც არაადამიანური მოპყრობით უღალატა სამშობლოს, ერს და თითოეულ ჩვენგანს", - ნათქვამია მიმართვაში.