Human Rights Watch საქართველოში პატიმართა წამების ფაქტებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებში გავრცელებული კადრები, სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მიზეზი უნდა გახდეს.
"ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს ტელევიზიით 2012 წლის 18 სექტემბერს გადაიცა, აღწერს სექსუალურ და სხვა სახის ძალადობას პატიმრებზე ცნობილ ქართულ ციხეში, რაც სისხლის სამართლის გამოძიების მიზეზი უნდა გახდეს, განაცხადა დღეს Human Rights Watch-მა. საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს სწრაფი, ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით, დააკავოს ისინი, ვინც უნდა აგოს პასუხი და უზრუნველყოს მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა.
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი დაითხოვეს ძალადობის გამო და დაპატიმრებულია რამდენიმე სხვა ჩინოვნიკი. ისეთი კრიმინალური ხასიათის ქმედებანი, როგორიცაა სექსუალური ძალადობა უნდა გახდეს სისხლის სამართლის დევნის საგანი და არ უნდა შემოიფარგლოს უბრალოდ ადმინისტრაციული სანქციებით, - განაცხადა Human Rights Watch-მა.
„ძალადობა, რომელიც ასახულია ამ ჩანაწერში ძალიან შემაშფოთებელია," განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მკვლევარმა. „ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სრული პასუხისგება, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისგება ამ ძალადობისთვის და მიიღოს ზომები ამგვარი ფაქტების განმეორების აღსაკვეთად."
Human Rights Watch-ის განცხადებით, მათ, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ მონაწილეობდა ამ ძალადობაში, უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
სტატიის ქართულ თარგმანს foreignpress ავრცელებს.