გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმართულებით ახალგაზრდების ჯგუფი მიემართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლალი მოროშკინამ განუცხადა.
"საკმაოდ დიდი ჯგუფი მიემართება გლდანის მიმართულებით. ისინი არიან როგორც ავტომობილებით, ასევე ფეხით და მათი დიდი ნაწილი არის არასრულწლოვანი და ისინი არიან საკმაოდ აღგზნებულები", - განაცხადა მოროშკინამ.
მისი თქმით, იგი შიშობს, რომ არ მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, რასაც შესაძლოა ახალგაზრდების მხრიდა თავშეუკავებლობა მოჰყვეს.
"ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა", - განაცხადა მოროშკინამ.
მან მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ დაუშვან მსგავსი ინციდენტები.
"არ გამოვრიცხავ ხელისუფლებას ჰქონდეს გარკვეული გეგმა შემუშავებული, რათა მოხდეს გარკვეული ინციდენტები ამ პატიმრების საქმეზე და უკვე სიტუაციის დაძაბულობის შემდეგ გამოცხადდეს კომენდანტის საათი და არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდოს", - განაცხადა მოროშკინამ და დასძინა, - "მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ხალხში არსებული მღელვარებისა, კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ სიტუაცია განმუხტონ".
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან რჩებიან პატიმრების ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები.