პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა ირმა ინაშვილმა გადმომცა, რომელსაც დაუკავშირდნენ მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, წარუდგნენ , როგორც ვანო მერაბიშვილის დავალებით და გადასცეს ეს ვიდეომასალა, - ამის შესახებ მე-9 არხის ეთერში ბრიუსელიდან ჩართვის დროს, ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ვიდეომასალა ევროსტრუქტურებში საქართველოზე ბევრად ადრე ნახეს.
"მე შეხვედრები მაქვს 3 თვის განმავლობაში ევროსტრუქტურებში და რეაქციები არის ძალიან მწვავე. მე ვიცი, რომ შტეფან ფულე არის ძალიან გამწარებული ამ ყველაფერზე", - განაცხადა ფოფხაძემ.
მისი თქმით, ბედუკაძე წამებაში მონაწილეობდა, რადგან ის კამერით იღებდა ამ ფაქტებს, მაგრამ ის იყო მსხვერპლი, რადგან ის იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა. ფოფხაძის განმარტებით, ბედუკაძემ მას უთხრა,რომ დადგა მომენტი, როცა მე უკვე აღარ შემეძლოო და ამ შემზარავი დანაშაულის შესახებ ხმამაღლა განაცხადა.
მისი თქმით, კადრები მხოლოდ ბედუკაძის ოჯახის ქვეყნიდან გაყვანის შემდეგ უნდა გამოექვეყნებინათ, თუმცა, შს სამინისტრომ გაავრცელა აბსურდული კადრები, რომლითაც გახადეს იძულებული კადრები გაესაჯაროვებინათ. მისი თქმით, პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით, მან ბედუკაძის ოჯახი დააყენა დარტყმის ქვეშ.
"თუმცა, გუშინ დავურეკე არხის დირექტორს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ის სისაძაგლე, რაც მთავრობამ შემოგვთავაზა და ვუთხარი, რომ მაქვს კადრები, რომელიც სულ სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს. სულ სხვა კადრებია, რომ ციხის უფროსობა და მაღალჩინოსნები და არა უბრალო ზედამხედველი აწამებს პატიმრებს", - განაცხადა ფოფხაძემ.