პროკურატურამ გაავრცელა სასჯელაღსრულების ყოფილი ოფიცრის, გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორის, დავით აკობიას აღიარებითი ჩვენება, რომელიც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა. აკობია სამართალდამცავებმა გამთენიისას საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. აკობიას ჩვენებას უცვლელად გთავაზობთ:
"სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვმუშაობდი 2012 წლის 24 აგვისტომდე. 5 აგვისტოს გლდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორი ბორის ფარულავა დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. დავთანხმდი და შევხვდი. ის ანერვიულებული ჩანდა. მიზეზად მითხრა, რომ გადაღებული ჰქონდა გლდანის საპყრობილეში პატიმრების ცემის კადრები და ეს რომ გაიგონ, დაგვიჭერონო. ამიტომ, საზღვარგარეთ უნდა წავიდე, მაგრამ მანამდე ერთი კადრი მინდა და იქნებ შენ გადამიღოო, რის სანაცვლოდაც სოლიდურ თანხას დამპირდა. მე დავთანხმდი და 24 აგვისტოს, როდესაც "სმენაში" ვიყავი, ბორის ფარულავამ შემოიტანა ვიდეოთვალი, რომელიც შარვალზე უნდა დამემაგრებინა და კარანტინის დაშლის კადრი გადამეღო. დავალება შევასრულე. 25 აგვისტოს გამოვედი სამსახურიდან, ვნახე ბორის ფარულავა და გადავეცი ეს კადრი, მან მითხრა, რომ ეს კადრი იმ დღესვე უნდა გაეგზავნა ლადო ბედუკაძისთვის, რომელიც ბელგიაში იმყოფებოდა. ფარულავამ მითხრა, რომ ბედუკაძე ჩვენც დაგვეხმარებოდა და 28 აგვისტოს დამიკავშირდებოდა, 28-ში ლადო დამიკავშირდა სკაიპით და მითხრა, რომ ფულითაც დამეხმარებოდა, ოღონდ ბრიუსელში უნდა ჩავსულიყავი. გზის ფული ბორის ფარულავას უნდა მოეცა. 29 აგვისტოს ფარულავამ 400 დოლარი გადმომცა. მითხრა, რომ 18 სექტემბერს საქართველო უნდა დამეტოვევებინა, სომხეთში უნდა წავსულიყავი, იქიდან უკრაინაში და ბელგიაში ჩასვლისთვის ბედუკაძე ყველანაირად დამეხმარებოდა".