"იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება ახლა მაინც აღიარებს, რომ დემოკრატიის ფასადს მიღმა საქართველოში დამნაშავე და მახინჯი რეჟიმია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, გლდანის ციხეში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.
"გუშინდელი კადრები შემაძრწუნებელი და ენით აღუწერელია. შეძრწუნებულია ყველა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ის, რაც ვიხილეთ, ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვნახეთ მართლაც არაადამიანური კადრები, რომელთა შესახებაც მეტ-ნაკლებად წარმოდგენა გვქონდა, მაგრამ მისი დაჯერება ყველას გვიჭირდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მან პატიმართა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ფაქტი განპირობებული იმით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებდა.
"იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოება ახლა მაინც აღიარებს, რომ დემოკრატიის ფასადის მიღმა საქართველოში დამნაშავე და მახინჯი რეჟიმია. საერთაშორისო თანამეგობრობამ წლების განმავლობაში ადეკვატური რეაგირება და შეფასება არ მისცა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს საქართველოში პოლიტპატიმრების, უკანონო პატიმრების არსებობისა და მათი უფლებების დარღვევის შესახებ", - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია დამნაშავეების დასჯა.
"უმთავრესად, უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ის ადამიანები, ვინც საქართველოში ეს მახინჯი სისტემა ჩამოაყალიბა", _ განაცხადა ბურჯანაძემ.