საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მიმართვა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, ის პირადად იძლევა გარანტიას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მდგომარეობა გამოსწორდება.
"მინდა გამოვეხმაურო სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ დანაშაულს და გამოვხატო მთავრობის ერთიანი პოზიცია. გლდანის N8 საპყრობილეში ჩადენილი დანაშაული არის აღმაშფოთებელი. ეს არის ადამიანის ღირსების შელახვა და წამება. ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეში არის ჩარეული, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა, ყველა არის დაპატიმრებული ან იმყოფება ძებნაში. ყველა მათგანი წარდგება მართმსაჯულების წინაშე - ამ დანაშაულის შემსრულებელიც, დამკვეთიც და ორგანიზატორიც. მე პირადად ვიძლევი გარანტიას, რომ - ისევე, როგორც აღმოვფხვერით წამების პრაქტიკა პოლიციაში, რაც ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ჩვენებისა და აღიარების გამოძალვისთვის, და თქვენ იცით რომ პოლიციაში უკვე დიდი ხანია ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია, მე პირადად უზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში აღმოიფხვრას ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი სხვა ქმედებები. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.