სახალხო დამცველის წარმომადგენლები აგრძელებენ საგანგებო მონიტორინგს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. დღეს ისინი იმყოფებოდნენ გლდანის N8, ზუგდიდის N4, ბათუმის N3 და ქუთაისის N2 დაწესებულებებში. ამჟამად ყველა ამ დაწესებულებაში სიმშვიდეა. გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პატიმრებს ფანჯრები ამოუქოლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს და დაინტერესებულ პირს, ამ არაორდინარულ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა არ მოხდეს დესტაბილიზაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაც, პირველ რიგში, სწორედ პატიმრების ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.
სახალხო დამცველი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის, ასევე, დანაშაულში მხილებული პირების მიმართ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.