"ისევე როგორც ნებისმიერი ქართველი და ჩვენი თანამოქალაქე ამ კადრების ხილვით მართლაც შოკირებული ვარ", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
"ეს იყო ამაზრზენი, საშინელი ქმედება, რასაც ეს ადამიანები ჩადიოდნენ და ყველა ის ხალხი რომლებიც ყოველივე ამას ახორციელებდნენ რაც შეიძლება სწრაფად და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ',_ აცხადებს ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება მომხდარის სამართლებრივ პასუხისმგებლობას - "არა მხოლოდ ჩამდენები, არამედ ვინც დუმილით პრაქტიკულად თანხმებას უცხადებდნენ ასეთ აქტებს, ისინი რამდენადაც ვიცი უკვე დაკავებულები არიან და წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - მინისტრმა ამ დილით უკვე გააკეთა განცხადება და თანამდებობიდან გადადგა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მისი პარტიის ამოცანები სულ სხვაა რამ არის და ამის ერთმანეთზე გადაბმა უადგილოა.
"ჩვენი პარტიული ამოცანები არის ადამიანის უფლებების დაცვა, ევროპასთა ინტეგრაცია, ჩვენი პროგრამა ემსახურება სულ სხვა პრინციპებს, ღირებულებებს და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობდნენ ადამიანები აი ამ კონკრეტულ სისტემაში, რომლებიც საშინელებებს ჩადიოდნენ და იმიჯს ულახავდნენ ქვეყანას , სასჯელაღსრულების სისტემას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არაადამიანურად ეპყრობოდნენ პატიმრებს, რომელთაც აქვს უფლება - დააშავა კაცმა, ზის ციხეში, რას ერჩი? რატომ აწამებ? მისთვის ხომ ისიც სასჯელია, რომ ციხეში ზის, ასე რომ ჩვენი პარტიის ამოცანები სულ სხვა რამ არის და ამის ერთმანეთზე გადაბმა და დაკავშირება ჩემი აზრით უადგილოა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.