"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "მაესტროსა" და "მე-9 არხის" მიერ გავრცელებულ პატიმრების შეურაცხყოფის ამსახველ ვიდეომასალაზე ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება დღეს საღამოს გაავრცელა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გმობს და უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს ამ შოკისმომგვრელი ფაქტების მიმართ და მოითხოვს დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში.
სასჯელაღსრულების გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ამსახველი კადრები დღეს გავრცელდა. საგანგებო განცხადება პირველად შსს-მ გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. გამოძიების ცნობითვე, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე იძებნება.
დღესვე, პატიმართა წამების ამსახველი კადრები ტელეკომპანიებმა "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს. აღნიშნული კადრების ეთერში გასვლის შემდგომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გაათავისუფლა.